რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე და რა არის გამომწვევი მიზეზები? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე.
- რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ქალებში?
- ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის და ტანის სიმსივნეები, ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია 35 და ზემოთ ასაკში.
- ძირითადად, რა არის გამოწვევი მიზეზები?
- რისკფაქტორების ჯგუფიდან აღსანიშნავია:
ადრეული მენარხე (მენსტრუალური ციკლის დაწყება);
გვიანი მენოპაუზა (კლიმაქსი);
ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით, პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა და დეიდა);
ენდოკრინული და დისჰორმონალური ცვლილებების მოშლა, ასაკოვან ქალბატონებში პოსტრავმული წარმონაქმნები.
ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის ჰორმონალური დისბალანსის შედეგად მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩართულია მთელი ენდოკრინული სისტემა. ამ პროცესს მიეკუთნება მასტოპათია, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვანძოვანი ფორმა, სწრაფად მზარდი ფიბროადენომა (ფილოიდი), სქელკედლიანი კისტები, სადინარშიდა პაპილომა, რომელიც კლინიკურად მხოლოდ სისხლიანი, ან მუქი ყავისფერი გამონადენით ხასიათდება, ხშირია პოსტრავმული წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში, იგი დაზიანებული ან დაჟეჟილი ქსოვილიდან ვითარდება იქ, სადაც იყო ეგრედწოდებული ჰემატომა. მისი ალაგების შემდეგ ხშირია კარგად პალპირებადი წარმონაქმნი.
- რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ მკერდის კიბოსთან გვაქვს საქმე?
- საეჭვო ნიშნებს შორის აღსანიშნავია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის გასქელება (ლიმონის ქერქი), გასინჯვადი წარმონაქმნის არსებობა, გადიდებული იღლიის ლიმფური კვანძები, ძუძუს თავის დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი.
- როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და როდის მივმართოთ ექიმს?
- იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენცია, საჭიროა ქალბატონებმა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმ მამოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
გულმა რომ არასდროს შეგვაწუხოს... - არითმოლოგ როინ რეკვავას რეკომენდაციები
არითმოლოგმა როინ რეკვავამ გულის დაავადებების თავიდან აცილების მიზნით საინტერესო რჩევები შემოგვთავაზა:
„გულის პრობლემებს იწვევს გენეტიკური ფაქტორები და ჩვენზე დამოკიდებული ფაქტორები: არასწორი ცხოვრების წესი, მაღალი არტერიული წნევა, თამბაქოს მოხმარება, ბიორიტმის დარღვევა, ჭარბი მარილის მოხმარებაც კი ვნებს გულს.“
როინ რეკვავამ ის ფაქტორები დაასახელა, რომლებმაც გულის დაავადებების გაახალგაზრდავება გამოიწვია:
„გულის პრობლემების გაახალგაზრდავება გამომდინარეობს ცხოვრების წესის ცვლილებიდან. ადამიანის დაბერებასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს საერთოდ. ჭარბი წონა და თამბაქოს მოხმარება აახალგაზრდავებს ნებისმიერ გულის პრობლემას. რას უნდა მიაქციოს პაციენტმა ყურადღება? ადამიანი ამბობს, რომ თითქოს ამომივარდა გული. მსგავსი შეგრძნება თუ გაქვთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. ერთხელ ყველას ექნება არითმია. ამის გარანტიას ყველას ვაძლევ. ეს რეგულარულ ხასიათს რომ მიიღებს, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.“
„არითმიებს ვხვდებით 0-დან 100 წლამდე. ბავშვებს უფრო თანდაყოლილი არითმიები გამოუვლინდებათ. მოზარდებს და მოზრდილებს უფრო შეძენილი სახის არითმიები. პარკუჭოვანი ტაქიკარდია ჰქვია არითმიის სახეს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი. ყველაზე გავრცელებული არითმია, რომელიც არის შენელებული ბომბი, ეს არის მოციმციმე არითმია. სამ თვეში ერთხელ ადამიანმა სასურველია ჩაიტაროს ესა თუ ის კვლევა. განსაკუთრებით გულის კვლევა. ეს არ არის ბევრი კვლევა. ესენია: ექოკარდიოგრაფია და 24-საათიანი ჰოლტერი,“ - აღნიშნულ საკითხზე როინ რეკვავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.