რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე და რა არის გამომწვევი მიზეზები? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე.
- რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ქალებში?
- ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის და ტანის სიმსივნეები, ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია 35 და ზემოთ ასაკში.
- ძირითადად, რა არის გამოწვევი მიზეზები?
- რისკფაქტორების ჯგუფიდან აღსანიშნავია:
ადრეული მენარხე (მენსტრუალური ციკლის დაწყება);
გვიანი მენოპაუზა (კლიმაქსი);
ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით, პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა და დეიდა);
ენდოკრინული და დისჰორმონალური ცვლილებების მოშლა, ასაკოვან ქალბატონებში პოსტრავმული წარმონაქმნები.
ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის ჰორმონალური დისბალანსის შედეგად მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩართულია მთელი ენდოკრინული სისტემა. ამ პროცესს მიეკუთნება მასტოპათია, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვანძოვანი ფორმა, სწრაფად მზარდი ფიბროადენომა (ფილოიდი), სქელკედლიანი კისტები, სადინარშიდა პაპილომა, რომელიც კლინიკურად მხოლოდ სისხლიანი, ან მუქი ყავისფერი გამონადენით ხასიათდება, ხშირია პოსტრავმული წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში, იგი დაზიანებული ან დაჟეჟილი ქსოვილიდან ვითარდება იქ, სადაც იყო ეგრედწოდებული ჰემატომა. მისი ალაგების შემდეგ ხშირია კარგად პალპირებადი წარმონაქმნი.
- რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ მკერდის კიბოსთან გვაქვს საქმე?
- საეჭვო ნიშნებს შორის აღსანიშნავია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის გასქელება (ლიმონის ქერქი), გასინჯვადი წარმონაქმნის არსებობა, გადიდებული იღლიის ლიმფური კვანძები, ძუძუს თავის დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი.
- როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და როდის მივმართოთ ექიმს?
- იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენცია, საჭიროა ქალბატონებმა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმ მამოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
„ხშირად მოავადე ბავშვების მხოლოდ 10 პროცენტს აღენიშნება იმუნოდეფიციტი,“ - პედიატრი ნელი სიმონიშვილი
პედიატრმა ნელი სიმონიშვილმა ხშირად მოავადე ბავშვების შესახებ ისაუბრა და ის მიზეზები დაასახელა, რომელიც ბავშვებში ხშირ ავადობას იწვევს:
„რას ნიშნავს ხშირად მოავადე ბავშვი? ეს ნიშნავს ავადობის სიხშირეს წლის განმავლობაში. სიხშირესთან ერთად გასათვალისწინებელია დაავადების მიმდინარეობა, რამდენად გართულდა ის და საჭირო გახდა ანტიბიოტიკის ჩართვა მკურნალობაში. უხშირესი ასაკი, რომელიც მოგვმართავს ამ ჩივილით არის 5 წლამდე ასაკი, რადგან ამ ასაკში იზრდება უცებ კონტაქტები, ბავშვები მიდიან ბაღში და რესპირატორული ინფექციების სიხშირე მატულობს. სასკოლო ასაკში, განსაკუთრებით 10 წლის შემდეგ ინფექციების სიხშირე იკლებს.
ბავშვი, რომელიც არ დადის ბაღში, შესაძლებელია, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ავადობდეს. ბაღში ან ადრეულ სასკოლო პერიოდში ბავშვი შეიძლება 10-12-ჯერაც გახდეს ინფექციით ავად და ეს შეიძლება იყოს ნორმა. ამ ინფექციების უმრავლესობა ვირუსულია. გამოჯანმრთელებას საშუალოდ 8 დღე სჭირდება, სრულფასოვან გამოჯანმრთელებას კი 2 კვირაც შეიძლება დასჭირდეს. თუ ამას წელიწადზე გადავთვლით, წელიწადში 4-5-6 თვეც კი შეიძლება გამოგვივიდეს, რომ ბავშვი იყოს ავად. თუ ეს არის მსუბუქი მიმდინარეობა, არის ვირუსული ინფექციები, ბავშვს აღენიშნება ნორმალური ზრდა-განვითარება, მისი ლაბორატორიული მონაცემები არის ნორმაში, ამ ეპიზოდებს შორის ბავშვი არის სრულიად ჯანმრთელი, მაშინ აქ საგანგაშო არაფერი არ არის.
თუ პირიქით ხდება და ბავშვი ავად გამოიყურება, მისი ინფექციები რთულდება, ხშირად არის ანტიბიოტიკების ჩართვის საჭიროება, შესაძლებელია ბავშვი ქრონიკული დაავადებით იყოს ავად და მას მეტი ყურადღება და გამოკვლევა სჭირდება. შესაძლებელია, რომ იყოს იმუნოდეფიციტიც. ეს საკმაოდ მცირე პროცენტში გვხვდება. ხშირად მოავადე ბავშვების მხოლოდ 10 პროცენტს აღენიშნება იმუნოდეფიციტი, თუმცა მშობლებისგან ძალიან ხშირად ისმის კითხვა: ხომ არ აქვს ჩემს შვილს იმუნიტეტი დაქვეითებული? იმ 10 პროცენტთან, რომელშიც არის იმუნოდეფიციტი, უფრო ღრმა კვლევები და სულ სხვა ტიპის მკურნალობაა საჭირო. იმუნოდეფიციტური მდგომარეობები შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები სხვადასხვა გარემო ფაქტორებით, მედიკამენტებით, დღენაკლულობით არის გამოწვეული. ხშირად მოავადე ბავშვების 30% არის ავად ალერგიული დაავადებებით. ძალიან ხშირად ბავშვებს აქვთ ალერგიული რინიტი და ხველა და ეს აღიქმება როგორც რესპირატორული ინფექცია. ალერგიული ბავშვების სასუნთქ გზებში ვირუსი და ბაქტერია ადვილად აღწევს. მწეველების ოჯახში გაზრდილი ბავშვებიც დიდი რისკის ჯგუფია,“- მოცემულ საკითხზე ნელი სიმონიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.